BMW M4 2021 – ის ოფიციალური დებიუტი სექტემბერში შედგება, თუმცა მასშტაბურ პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე საშუალება გვაქვს თვალი შევავლოთ როგორც საგზაო M4 – ს, ასევე სარბოლო M4 GT3 – ს. ჩვენ ორივე მათგანს სარბოლო ტრასაზე გვერდიგვერდ ვნახავთ.

დახვეწილი წინგამოწეული კაპოტის და აგრესიული ბამპერის დიზაინი, ყველაფერი იდეალურად არის წარმოჩენილი. აგრესიული გვერდითა ფრთები, უკანა ფართო ბარძაყები და ოთხიანა „გლუშიტელის“ ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს. როგორც ჩანს მანქანები უკვე მზად არის, BMW – ს გადმოცემით მხოლოდ „საბოლოო ინტენსიური ტესტია“ ჩასატარებელი.

განსაკუთრებით საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ დგას საგზაო M4 – ი სარბოლო M4 GT3- ის გვერდით. BMW – მ ფერებში სითამამე გამოიჩინა და სარბოლო მოდელზე რადიატორის უზარმაზარი ცხაურა წითლად შეღება, აღსანიშნავია რომ გიგანტური ცხაურა სარბოლო მანქანას უფრო მეტად უხდება. საგზაო მანქანაზე იგივე ცხაურის ნახვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მისთვის არაბუნებრივად დიდია.

საგზაო M4 – ის კაპოტის სიმაღლე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ჩვეულერივ საგზაო მოდელებს აქვთ. ცხვირიდან დაწყებული, უკანა ფარებით და საბარგულის ხუფით დამთავრებული მათ დიზაინში ბევრ საერთო ელემენტს შეამჩნევთ.

M4 GT3 – ის მისია რბოლებში M6 GT3 – ის ჩანაცვლებაა. 2021 წელს ის მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ შეჯიბრებებში მიიღებს, 2022 წლიდან კი BMW – ს მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

ზუსტი სპეციფიკები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ დღეს კომპანია BMW – მ დაადასტურა, რომ საგზაო მოდელს ექნება ექვსცილინდრიანი S58 ძრავი ორი ტურბინით.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ M4 GTE – ის ოფიციალურ პრეზენტაციას 2020 წლის სექტემბერში.