პატრულირება ჰიპერქარებით, ანუ პოლიციის ყველაზე „მაგარი“ მანქანები მსოფლიოს მასშტაბით

პოლიციის მანქანებს მათი მორთულობის და მოციმციმე შუქების გამო პატარა ბავშვებიც კი სცნობენ. დამეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად იქცევენ ჩვენს ყურადღებას.

თუ ჩვენ პოლიციის მანქანების უმეტესობას წარწერებს და ციმციმა შუქებს მოვაშორებთ, სრულიად ჩვეულებრივ, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველ, სტანდარტულ ავტომობილებს მივიღებთ.

თუმცა, ამას ყველა მათგანზე ვერ განვაზოგადებთ. ზოგიერთ ქვეყანაში პოლიციის მანქანების „ფლოტს“ ფანტასტიკური სუპერ მანქანები დაამატეს.

ამ ავტომობილების უმეტესობა, ძირითადად, ღონისძიებებისთვის გამოიყენება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც სტანდარტული ოპერაციების დროსაც იყენებენ.

Hotcars-ი პოლიციის 10 სუპერქარს გვაცნობს. მოდი, განვიხილოთ თითოეული მათგანი:

10. Aston Martin One-77 (Dubai)

დუბაი- სუპერ მანქანების “ნავსაყუდელი”

ვინც ოდესმე დუბაიში ყოფილა, აუცილებლად გეტყვით, რომ ის სუპერ მანქანების ნამდვილი „ნავსაყუდელია“. ფეხის ყოველ ნაბიჯზე, საშუალოდ, მილიონ დოლარიან ჰიპერ მანქანას შეხვდები.

რატომ უნდა ყოფილიყო დუბაის პოლიცია გამონაკლისი? ამიტომ, ბალანსის და „კანონზომიერების“ შესანარჩუნებლად თავიანთი ფლოტის რიგებში მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ჰიპერქარი-Aston Martin One-77 დაიმატეს.

7.3-ლიტრიანი V12 ძრავი 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

ასტონ მარტინმა One-77, 2009 წელს წარადგინა. ბრწყინვალე დიზაინის და გასაოცარი ტექნოლოგიის მქონე ულამაზესი სპორტული მანქანა აღჭურვილია ნახშირბადბოჭკოვანი მონოკოკური შასით, ალუმინის ხელნაკეთი კორპუსით და გასაოცარი 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ია. შესაბამისად, დუბაის „კრიმინალებს“ ამ „დაბრკოლებისგან“ გაქცევა ნამდვილად გაუჭირდებათ.

9. Lexus LC500 (Japan)

შავ-თეთრი “მადევარი”

აღმოსავლეთ იაპონიაში, „მაღალსიჩქარიან პოლიციურ“ დევნაში Lexus LC500 კუპესაც შეხვდებით. ლექსუსმა იაპონურ პოლიციას, ტოჩიგის ქუჩების უსაფრთხოებისთვის LC500 გადასცა.

5.0 ლიტრიანი V8 ძრავი 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

LC500 აღჭურვილია სპეციალური წითელი განათებით და შესანიშნავი შავ-თეთრი მორთულობით. LC500-ის კაპოტის ქვეშ  5.0 ლიტრიანი V8 ძრავია მოთავსებული, რომელიც 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

8. Ford Mustang Mach-E (UK & US)

ფორდი გაერთიანებული სამეფოს სამსახურში

რამდენიმე თვის წინ, გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ ფორდს Mustang Mach-E-ის პოლიციის მანქანების კონცეფციის შექმნა სთხოვა. როგორც ჩანს,  მათ „ასაკოვანი“ Vauxhall Astras-ის ჩანაცვლება სურთ.

ფორდმა მათ Mustang Mach-E-ის სირენებით, რადიოებით, შუქებით და პოლიციის სხვა აღჭურვილობით გაფორმებული 999 მოდელი გადასცა.

Mach-E-ს მიჩიგანშიც ტესტავენ

კონცეფცია AWD Mach-E-ს  სტანდარტულ დიაპაზონს ემყარება, მაგრამ ფორდი ასევე შესთავაზებს გაფართოებული დიაპაზონის ვერსიებსაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიჩიგანის შტატის პოლიციაც სწორედ Mach-E-ის მოდელებს ტესტავს.

7. Lotus Evora S (UK & Italy)

დევნა ბრიტანული “აქცენტებით”

2021 წელს ლოტუსმა Evora S-ის რამდენიმე ჰიპერქარი გაერთიანებული სამეფოს 6 საგრაფოს ოფიცრებს გადასცა.

ეს იმ კამპანიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა იმ საფრთხეებთან მიმართებით, რომლებიც მობილური ტელეფონის გამოყენებას, გადაჭარბებული სიჩქარით მართვას და ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომას ახლავს თან.

კარაბინიერების ბრიტანული “არსენალი”

დიდი ბრიტანეთის პოლიცია არ არის ერთადერთი, რომელმაც Evora S-ი თავისი ფლოტის რიგებში დაიმატა. იტალიის ცნობილი სამხედრო პოლიცია-„ Carabinieri“ Evora S-სს ადამიანის ორგანოების სწრაფად და უსაფრთხოდ გადატანისთვის იყენებს.

6. Ford Focus RS (UK)

უკეთესი ვიდრე Ford Rs200

80-იან წლებში გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ Ford RS200 გამოსცადა, სამწუხაროდ ის საკმაოდ არაპრაქტიკული აღმოჩნდა. სამი ათეული წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ თავის ფლოტს ახალი და სწრაფი ფორდი- Focus RS-ი დაამატა.

ავტომობილი 345 ცხენის ძალით

345 ცხენის ძალით Focus RS  ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიციის მანქანა, რომელიც მაღალსიჩქარიანი დევნებისთვის იდეალური არჩევანია.

ის ასევე უფრო პრაქტიკულია, ვიდრე RS200, რადგან მას აქვს უკანა კარები ეჭვმიტანილთა გადასაყვანად და საკმაოდ ტევადი სათავსო აღჭურვილობისათვის.

5. Lykan Hypersport (Abu Dhabi)

“თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო”

დუბაის შემხედვარემ, აბუ დაბიმაც გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ულტრა იშვიათი და ძვირადღირებული სუპერ მანქანით ქუჩაში პატრულირება მათაც შეუძლიათ და Lykan HyperSport-ი  შეისყიდა.

დაკავება 780 ცხენის ძალით

Lykan HyperSport 3.4 მილიონი დოლარის ღირებულების ჰიპერქანაა, ის ლიბანში შეიქმნა. მას 3.7-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ექვსცილინდრიანი ძრავი აქვს, რომელიც 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას, სულ რაღაც 2.8 წამში ახერხებს.

4. BMW i8 (Germany & Dubai)

BMW ქვეყნის სადარაჯოზე

BMW i8 2018 წელს AC Schnitzer-ის მიერ სპეციალურად პოლიციის სპეციფიკისთვის შეიქმნა. ის გერმანული პოლიციის მანქანებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ავტომობილი აქტიური მომსახურებისთვის არ არის განკუთვნილი. მისი მიზანი ეროვნული კამპანიის ხელშეწყობა იყო, რომელიც უკანონო და სახიფათო ტუნინგის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა.

პატრულირება მიუნხენურად

Polizei i8– ს სტანდარტული i8-ს მსგავსად 1.5 ლიტრიანი სამცილინდრიანი და ელექტროძრავი აქვს, თუმცა, მუშაობის გასაუმჯობესებლად სპეციალური რეჟიმი აქვს დამატებული. მას მსუბუქი ბორბლები, 20 მმ ქვედა სუსპენზია და ნახშირბადბოჭკოვანი სპოილერი აქვს.

3. BAC Mono (Isle Of Man)

კუნძულის “მცველი”

BAC Mono  ერთ ადგილიანი, ღია, ქუჩის ლეგალური სუპერქანაა. მონოს შექმნისას, BAC– ს სურდა რომ ის გზების „მხეცი“ ყოფილიყო. ამიტომ ტესტირებისა და განვითარებისათვის მათ მენის კუნძული გამოიყენეს.

სერიიდან : “გაჭირვება მაჩვენეგაქცევას გაჩვენებო

ტესტირების შემდეგ BAC-მა, მადლობის ნიშნად, ადგილობრივ ხელისუფლებას, ყოველდღიურ ოპერაციებში გამოსაყენებლად Mono გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ მონო პოლიციის ყოველდღიური მუშაობისთვის ცოტა არაპრაქტიკულია, ის პოლიციის მაღალსიჩქარიანი დევნისთვის „ზედგამოჭრილია“.

2. Lamborghini Huracán (Italy)

ლამბორგინი “კრიმინალის” კვალდაკვალ

2017 წელს Lamborghini– ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ Lamborghini Huracán-ი იტალიის საავტომობილო გზების საპატრულო განყოფილებას გადასცა.

ჰურაკანის მთავარი ამოცანა იტალიის გზატკეცილებზე პატრულირებაა, თუმცა ის  სისხლისა და ორგანოების გადატანისთვისაც გამოიყენება.

მას 610 ცხენის ძალის მქონე 5.2 ლიტრიანი V10 ძრავი აქვს

ბუნებრივია, იმისათვის რომ ის პოლიციის სისტემას/პროტოკოლს მორგებოდა მას რამდენიმე დეტალი დაემატა-პოლიციის რადიო, იარაღის საფარი და სხვ. ძრავი იგივეა- 610 ცხენის ძალის მქონე 5.2 ლიტრიანი V10.

1. Alfa Romeo Giulia QV (Italy)

ფლოტის “ახალწვეული”

Carabinieri-ებს წლების განმავლობაში ჰყავდათ რამდენიმე ფანტასტიკური საპატრულო მანქანა, როგორებიცაა : Lamborghini Huracans, Gallardos და Lotus Evoras-ი. მათი ფლოტის უახლესი დამატება კი Alfa Romeo Giulia QV-ია.

მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.

Giulia QV ბრწყინვალე ოთხკარიანი მანქანაა. ის ევროპული უმაღლესი კლასის სედანების (მაგ.BMW M3) პირდაპირი კონკურენტია.

მას 2.9-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავი აქვს, რომელიც 503 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 4 წამზე ნაკლები სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია.

წინა სტატიაCadillac-ის მონოქრომული ელფერი- ბრენდი ლოგოს ცვლის
შემდეგი სტატიაMercedes-AMG GT Coupe-ს და Roadster-ის წარმოება დეკემბერში დასრულდება