ამბობენ, რომ კლასიკური მანქანების იმდენი განსხვავებული კოლექცია არსებობს, რამდენიც კოლექციონერი. მაგრამ არის „ექსპონატები“, რომლებსაც ყველა ჭეშმარიტი კოლექციონერის გულსა და კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ირგვლივ ბევრი, ძალიან ბევრი კლასიკური ავტომობილია, რომლებიც კოლექციონერების ყურადღებას იპყრობენ და მათ „აიძულებენ“ ადგილი გამოუთავისუფლონ ავტოფარეხში.

ზოგიერთი მათგანი თავისი დიდებულებითაა მოთხოვნადი, ზოგი კი-თავისი იშვიათობით და მოკვდავთათვის ხელმიუწვდომლობით.

კიდევ არიან სტანდარტულად კარგი კლასიკური მანქანებიც, რომლებიც „უამრავ“ ეგზამპლარადაა გამოშვებული და მათი შეძენა არც ფინანსურად და არც შინაარსობრივად არ არის ღირებული.

მაგრამ მათ, ვისაც წარსულიდან გადმოსული, ლითონის „ლამაზმანებით“ ვოიაჟი უყვართ, ყოველთვის ჰყავთ ერთი, ყველასგან გამორჩეული „თავგადასავლების პარტნიორი“.

ყველა სხვადასხვა მიზეზით, სტანდარტებით და პრიორიტეტებით აკომპლექტებს თავის კოლექციას, თუმცა, არსებობს რამდენიმე ყველასთვის სანუკვარი კლასიკა, რომელთაც ხელიდან, არც ერთი კოლექციონერი არ გაუშვებს.

Hotcars-ი გვთავაზობს 10 კლასიკურ, საყოველთაოდ აღიარებულ მანქანას, და აი ისინიც :

10. 1963 Chevrolet Corvette Sting Ray

კორვეტის სიმბოლო – ორად გაყოფილი უკანა ფანჯარა

ორიგინალურობის სახელით მსოფლიოში რა აღარ კეთდება. ერთ-ერთი იყო 1963 წლის Chevy Corvette Sting Ray- ის გაყოფილი უკანა ფანჯარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „Vette“ კუპეს სახით მოევლინა „კაცობრიობას“.

V8 ძრავი 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა

არ იდარდოთ უკანა ფანჯრის ხილვადობაზე, მანქანა, ამ დეტალმა, ძვირადღირებულ კლასიკად აქცია. 5.3 ლიტრიანი V8 ძრავი 360 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ ამ სილამაზის შემხედვარეს, ვის რად უნდა „ცხენისძალები“.

9.Volkswagen Beetle

მანქანა 17 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გამოვიდა

Volkswagen Beetle იმდენად „აიქონური“ მანქანა იყო, რომ მისი, თითქმის, 17 მილიონიანი ეგზემპლარი ვიზუალურად იდენტური იყო.

ავტომობილი დღემდე ხელმისაწვდომია

მისი წარმოების სიმრავლიდან გამომდინარე, მისი ნაწილები ხელმისაწვდომია, ასე რომ მარტივია მისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება. გარდა ამისა მისი შეძენა კვლავ შესაძლებელია.

8. Dodge Challenger

ეშმაკი, რომელმაც დემონი შექმნა

1970 წლის მანქანის კლასიკური ვერსია იმდენად მომხიბვლელია, რომ ის ყოველთვის აჯობებს მის ახალ ვერსიას. ის Chrysler E-ს  არქიტექტურულ პლატფორმაზე შეიქმნა.

კლასიკური ვერსია ახალ ვერსიას ყოველთვის აჯობებს

თავდაპირველად Challenger R/T -ს ჰქონდა 6.3-ლიტრიანი “Magnum” V8, რომელიც 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Dodge Challenger R/T-ზე ამბობენ, რომ ის არის ეშმაკი, რომელმაც „Demon“-ი  წარმოშვა.

7. Jaguar E-Type

ყველაზე ელეგანტური მანქანა

ეს იყო ულამაზესი მანქანა, ამას ენცო ფერარიც დაუფარავად აღნიშნავდა. ის Jaguar D-Type-ის კონცეფციას ეფუძნებოდა. ეს უსაზღვროდ ელეგანტური მანქანა Ferrari-ზე სწრაფი იყო და მასზე იაფიც ღირდა.

პირვანდელი დიდებულება

მას 70-იანი წლების შუა პერიოდამდე აწარმოებდნენ. მიუხედავად იმისა,  რომ 1961 წლის შემდეგ მისი ტექნიკური მახასიათებლები იცვლებოდა, ვიზუალს პირვანდელი დიდებულება შეუნარჩუნეს.

6. Ford Mustang Mach 1 428 Cobra Jet

ძლევამოსილი Mustang Mach 1

7.0-ლიტრიანი, Cobra Jet V8 ძრავის მეშვეობით Mustang Mach 1- 0 დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას, 6 წამში ახერხებდა. მისი ცხენის ძალა კი 335 იყო. (ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ეს რიცხვები უფრო მაღალი იყო)

მისი ღირებულება ექვსნიშნა რიცხვებიდან იწყება

ავტომობილი საკმაოდ ძვირია, საუბარია ექვსნიშნა რიცხვებზე. მაგრამ ის ისეთი „ძლევამოსილია“, მის შესაძენად თანხას არავინ დაზოგავს.

5. Porsche 911 First-Gen

ზურმუხტისფერი 911

1963 წელს, პორშე გამოვიდა, როგორც Porsche 901. ამ დროისათვის სამნიშნა რიცხვი, შუაში ნულით Peugeot-ს ჰქონდა „დაპატენტებული“. საქმე სასამართლო პროცესებამდე რომ არ მისულიყო,  პორშე გონივრულად მოიქცა და უკან დაიხია, მან 901- 911-ით ჩაანაცვლა. სწორად ამ პოპულარული სახლით შევიდა პორშე ისტორიაში.

პირველ მოდელს 130 ცხენის ძალა ჰქონდა

პირველი მოდელის ცხენის ძალა 130 იყო, მაგრამ იმ დროისათვის ის მაინც ძლევამოსილად ითვლებოდა.

4. Dodge Charger R/T

სწრაფი და “თავხედი”

1968 წელს 96,000 -ზე მეტი Charger-ი გაიყიდა  და მათგან 17,000 -ზე მეტი იყო Charger R/T. 1966 წელს გამოშვებული „ჩარჯერი“ 68-წლისთვის მთლიანად განაახლეს.

ამ პერიოდში შეიქმნა Bullitt, მართალია Mustang GT იყო გმირი მანქანა, მაგრამ Dodge Charger იყო სწრაფი და „თავხედი“, ჟარგონულად რომ ვთქვათ „ხულიგანი“ მანქანა. 60-იანი და 70-იანი წლების ყველა Charger-ი მაგარია, მაგრამ Charger R/T-განსაკუთრებული.

3. Lamborghini Miura P400 SV

დახვეწილი და უნაკლო მიურა

1971 წლის მიურა თავისი სუფთა ხაზებით ყველაზე ლამაზი მოდელია. მას 3.9-ლიტრიანი V12 ძრავი ჰქონდა და 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც პატარა, ორ-ადგილიანი ავტომობილისთვის, „მთვარეზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად“ საკმარისი ძალა იყო.

მისი ფასი 2 მილიონ დოლარს აღწევს

ის მხოლოდ 199 ეგზემპლარად გამოუშვეს და მისი ფასი 2 მილიონ დოლარს აღწევს.

2. Triple Economy Ford F-100

უჩვეულო ბამპერები და სახასიათო ხაზები

ამ სატვირთო მანქანის ულამაზესი ბამპერები და მომრგვალებული კლასიკური ხაზები მის შესაყვარებლად საკმარისი მიზეზია. ის 1953-წლიდან,  1956-წლამდე იქმნებოდა.

“თანამედროვე შტრიხები”- შიდა განათება, სავარძლის სამკლავურები და ავტომატური ტრანსმისია

Ford F-ის ყველა მოდელი კლასიკაა, მაგრამ F-100 განსაკუთრებულია. მას ისეთი დეტალები აქვს, როგორიცაა შიდა განათება, სავარძლის სამკლავური და ავტომატური ტრანსმისია.

1. Citroën DS

ფრანგული “ქალღმერთი”

Bonjour! მიესალმეთ ფრანგულ “ქალღმერთს”, რომელმაც წარმატება ერთ ღამეში მოიპოვა. პარიზის საავტომობილო შოუს გახსნიდან რამდენიმე საათში მისი უდიდებულესობა უამრავმა ადამიანმა დაჯავშნა.

single-spoke-ტიპის საჭე

მისი ავანგარდული დიზაინით დღემდე უამრავ ადამიანს ხიბლავს. მან პირველმა გამოიყენა იმ დროისათვის ინოვაციური single-spoke-ტიპის საჭე.

გარეგნობასთან ერთად მისმა დამოუკიდებელმა ჰიდრავლიკურმა სუსპენზიამ მანქანა უფრო კომფორტული გახადა.

წინა სტატიაVW ID.Life- ფოლკსვაგენმა 2025 წლის ელექტრომობილის კონცეფცია წარადგინა
შემდეგი სტატიაBMW-მ ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის სპეციალური iX მოდელი მოამზადა