გერმანულმა ტუნინგ-ატელიე Brabus – მა თავისი ახალი ნამუშევარი Rocket 900 გაასაჯაროვა, ის Mercedes-AMG GT 63 S – ის ბაზაზეა აწყობილი.  ცნობილია რომ Rocket 900 მერსედესის მოდერნიზებული  V8 ძრავით არის აღჭურვილი, მას ახალი Porsche 911 Turbo – ს მსგავსად 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებისთვის  მხოლოდ 2,8 წამი სჭირდება, პირველი ეგზემპლიარის ფასი – 435 800 ევრო იქნება.

სტანდარტულ 4,0 ლიტრიან V8 ძრავას, რომელიც Mercedes-AMG GT -ში დგას, ტუნერებმა მოცულობა 4,5 ლიტრამდე გაუზარდეს, მათ გამოსაბოლქვი სისტემაც შეცვალეს. შედეგად დამუშავებული ძრავა 900 ცხენის ძალას და 1250 ნიუტონ მეტრს ანვითარებს.

200 კმ/სთ აჩქარებისთვის Rocket 900 -ს 9,7 წამი ჰყოფნის, ხოლო 300 კმ/სთ სიჩქარეს ის 23,9 წამში ანვითარებს. Rocket 900  – ის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ – მდეა შეზღუდული, რადგან ტუნერების გადმოცემით საბურავები მეტს ვერ გაუძლებს.

ახალი ძრავის მიღმა, სუპერქარმა აეროდინამიკური კორპუსიც მიიღო, ის  კარბონის დეტალებით და დამატებითი სავენტილაციო სისტემებით არის აღჭურვილი.  დაკიდებას ორ – სპორტულ და კომფორტულ რეჟიმში შეუძლია მუშაობა. წინა დისკები 21 ინჩიანია, უკანა 22 -იანი.

Brabus – ი Rocket 900 – ის მხოლოდ 10 ეგზემპლიარს გამოუშვებს. თითოეული ავტომობილის ინტერიერი მისი მფლობელის გემოვნებით გადაწყდება. სადემონსტრაციო ეგზემპლიარის სალონი ტყავით და ალკანტარათია შეფუთული, მას კონტრასტული ნაკერებიც გასდევს.