კომპანია BMW – მ თავისი ახალი სპორტქარების M3 – ის და M4 – ის ტექნიკური მაჩვენებლებიც ოფიციალურად გაგვიმხილა.

სრულად განსხვავებული გარეგნობის გარდა, BMW-მ M3 – სა და M4 – ის შასიც გააუმჯობესა. ავტომობილებს ამორტიზატორებისა და ქვეჩარჩოს ადგილას მსხვილი გამაგრება აქვთ დაყენებული. M – ის დაჭიმული დაკიდება, ამორტიზაციის სხვადასხვა პარამეტრის მართვით, სტანდარტულად იქნება წარმოდგენილი. სპეციალურად M ავტომობილისთვის შექმნილი მსუბუქი დისკები სხვადასხვა ზომისაა – წინ 18-იანი დისკია დაყენებული, ხოლო უკან 19 – იანი. რაც შეეხება Competition მოდელს ის წინ 19 – იან დისკს, ხოლო უკან 20 – იანს ვიხილავთ.

ახალ დიდ ცხაურასთან ერთად, რომელსაც ვერტიკალურის ნაცვლად ჰორიზონტალური გამყოფები აქვს, M3-სა და M4-ში კორპუსის თითქმის ყველა პანელი უფრო დაგრძელებული გვხვდება. ფრთები ბევრად უფრო განიერია, უკანა ბამპერზე უზარმაზარი დიფუზორია დამატებული, ხოლო 4 მაყუჩი ახლა უფრო მეტად გამოკვეთილია. წინა ფრთებს ვერტიკალური აეროდინამიკული არხები აქვს, ხოლო ღრმა გვერდითა თაღები დიფუზორის კონტურს მიყვება. შეუღებავი კარბონის სახურავი ახალ მოდელშიც გამოჩნდა, რაც უკვე, M ავტომობილის ხელწერად იქცა.

ინტერიერი ახალი ფერებით იქნება ხელმისაწვდომი: Kyalami Orange, რომელიც სურათზე წარმოდგენილ M3 – ს ამშვენებს, და Yas Marina Blue, რომლითაც სურათზე ნაჩვენები M4 არის წარმოდგენილი.

გასაკვირი არ არის, რომ M – ის ახალი მოდელების სალონი ჩვეულებრივი მესამე და მეოთხე სერიებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ხის გაფორმება ხელმისაწვდომი არ არის. მყიდველმა არჩევანი მხოლოდ ალუმინსა და კარბონს შორის უნდა გააკეთოს. 25 სანტიმეტრიანი მაჩვენებელთა დაფა და 22 სანტიმეტრიანი მულტიმედიის ეკრანი, სპორტულ სავარძლებთან ერთად, სტანდარტულ პაკეტში შედის.

კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ BMW კომპლექტაციათა სიაში კარბონის ახალ ელექტრო სავარძლებს გვთავაზობს, რომელიც ავტომობილს 10 კილოგრამით ამსუბუქებს.

3,0 ლიტრიანი V6 ძრავა ორ ვერსიაშია წარმოდგენილი 480 და 510 ცხენის ძალით. ბრუნი ორივე შემთხვევაში 650 ნიუტონ მეტრია. ასევე ორივე  შემთხვევაში ძრავა უკანა წამყვანი ბორბლებისთვის იქნება.

480 ცხენის ძალის სიმძლავრის სედანს და კუპეს 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, 100 კმ/სთ აჩქარებისთვის 4,2 წამი დასჭირდებათ.  Competition მოდელების შემთხვევაში, რომლებიც 8 სიჩქარიანი „რობოტით“ არიან აღჭურვილი, ეს მაჩვენებელი 3,9 წამამდე შემცირდება.

სპორტქარების მაქსიმალური სიჩქარე ტრადიციულად შეზღუდულია და 250 კმ/სთ-ით შემოიფარგლება, მაგრამ თანხის დამატების სანაცვლოდ შესაძლებელია შეზღუდვის მოხსნა და მაქსიმალური სიჩქარის 290 კმ/სთ-მდე გაზრდა.

სტანდარტული მუხრუჭები წინა ნაწილში 38 სანტიმეტრიანი დიამეტრის როტორსა და 6 პისტონიან მომჭერებს მოიცავს, ხოლო უკან 36 სანტიმეტრიან როტორს და ერთ პისტონიან მომჭერს. მომხმარებლები დამატებით M Drive Professional პაკეტის შეძენასაც შეძლებენ. პაკეტი 10 პარამეტრიან მოცურების საწინააღმდეგო სისტემას, წამზომსა და Drift Analyzer-ს მოიცავს. ეს უკანასკნელი სისტემა დრიფტის პროცესის შესახებ ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, როგორიც კუთხის გაზომვა და დრიფტის ხანგრძლივობაა. ინფორმაციის გაზიარებას iPhone-ის აპლიკაციით შეძლებთ.

სედანის და კუპეს გაყიდვები 2021 წლის მარტიდან იგეგმება. BMW – ს ფასი ჯერ მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის დაასახელა: 69000 – დან 74000 – დოლარამდე ინტერვალში იტრიალებს.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ღირდა ამდენი ლოდინი ახალი M3 – ის და M4 – ისთვის?