ელექტრულ ავტომობილს BMW iX M60-ს 0-დან 100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3,6 წამი სჭირდება

BMW iX მძლავრი და ამავე დროს მშვიდი ელექტრო ქროსოვერია. Rolls-Royce-ის შემდეგ მას ყველაზე „მოდური“ ინტერიერი აქვს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის 2021 წელს გამოვლენილი კონცეფციებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია.

BMW წინსვლას აგრძელებს, ამჯერად მისი „ფალავანი“ M-ბრენდის პირველი ელექტრო კროსოვერი 2023 BMW iX M60-ია.

BMW iX M60- M ბრენდის “პიონერი”

iX M60 ორ ელექტროძრავს და 111,5 კილოვატ-საათიან ბატარეის პაკეტს იყენებს. ავტომობილი 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1100 ნიუტონ/მეტრია. (სპორტრეჟიმის დროს)

სტანდარტული მართვის რეჟიმის დროს iX M60, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალას კარგავს, თუმცა მაინც გვთავაზობს მძლავრ 532 ცხენის ძალას და მისი ბრუნვის მომენტი, ამ შემთხვევაში 1,015 ნ/მ-ს უტოლდება.

ეს მაჩვენებლები xDrive50-ის მონაცემებს აუმჯობესებენ, სხვაობა სტანდარტული მართვის შემთხვევაში 16 ცხენის ძალა და 250 ნიუტონ/მეტრია, ხოლო სპორტ რეჟიმის დროს 94 ცხენის ძალამდე და 334 ნ/მ-მდე იზრდება.

ამ მონაცემების წყალობით iX M60-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე  ასაჩქარებლად სულ რაღაც 3,6 წამი სჭირდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე (ელექტრონულად შეზღუდული) 250 კმ/სთ-ია.

მართვის გასაუმჯობესებლად, iX M60 ელექტრონულად კონტროლირებადი ამორტიზატორების და ე.წ rear-wheel steering სისტემის მქონე სუსპენზიას იყენებს. ეს ფუნქციები xDrive50-ის მოდელზე, სპორტ რეჟიმის შემთხვევაში, არჩევითია.

“სილამაზე დეტალებშია”

სტანდარტულია დიდი ზომის M Performance მუხრუჭები, ეფექტური ლურჯი საღებავით და M ემბლემით.

iX M60 ერთჯერადი დამუხტვით 450 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს. ავტომობილი საბაზისო, 21-ინჩიანი ბორბლებითაა აღჭურვილი.

xDrive50 მოდელის შემთხვევაში, ერთი დატენვით 483 კმ-ის გავლაა შესაძლებელი, მაგრამ მაქსიმალური დატენვისას (250 კილოვატი) iX M60-ს 80%-ის მიღწევა სულ რაღაც 36 წუთში შეუძლია. (სწრაფი დატენვის სადგურის შემთხვევაში).

ექსტერიერის აქცენტები

ვიზუალური განსხვავებები xDrive50 მოდელსა და M60-ს შორის უმნიშვნელოა. ექსტერიერზე ტიტანის ბრინჯაოს აქცენტებია დატანილი, M ემბლემა პრიალა შავი და ბრინჯაოს საფარითაა შესრულებული.

მყიდველებს საშუალება აქვთ ახალი 22-ინჩიანი ბრინჯაოს დიზაინის მქონე აეროდინამიკური ბორბლები აირჩიონ. როგორც უკვე აღვნიშნე სტანდარტული კონფიგურაცია 21-ინჩიან ბორბლებს მოიცავს.

ექსტერიერი 7 ფერის ვარიაციითაა წარმოდგენილი: ალპური თეთრი, მუქი გრანიტი, ფიტონის ლურჯი, ცისფერი ქედი, ქარიშხლის ყურე, დაჟანგული ნაცრისფერი და ავენტურინის წითელი.

დახვეწილი და ფუნქციურად მრავალფეროვანი ინტერიერი

მცირე ცვლილებები შეეხო სალონსაც. Live Cockpit მოიცავს 12.3-ინჩიან ციფრული ინსტრუმენტების კლასტერს და 14.9-ინჩიან ცენტრალურ სენსორულ ეკრანს.

სალონი SensaTec-ის ხელოვნური ტყავითაა მოპირკეთებული, (შესაძლებელია საქონლის პერფორირებული ტყავის არჩევაც) სავარძლები 5 ელფერითაა წარმოდგენილი- ხამანწკისფერი, მოკა, შავი, ამიდო და წაბლისფერი.

ავტომობილის სტანდარტული ფუნქციები მოიცავს უსაფრთხოების აღჭურვილობას: ადაპტური კრუიზ კონტროლი, პარკირების 360 გრადუსიანი კამერა და პარკირების დამხმარე.

2023 BMW iX M60-ის საწყისი ფასი 106 095 აშშ დოლარია. შედარებისთვის, საბაზისო xDrive50 მოდელის ფასი, დაახლოებით, 84,195 აშშ დოლარიდან იწყება.

Gallery: 2023 BMW iX M60

  • თეგები
  • #BMW
წინა სტატიაყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1970-1979)
შემდეგი სტატიაCadillac InnerSpace- კონცეპტუალური ავტონომიური მანქანა CES-ზე